top of page
Search

მდგრადი საჯარო შესყიდვების იმპლემენტაცია საქართველოში


მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საჯარო შესყიდვების შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო შესყიდვების ახალ პროცედურებს, ინსტრუმენტებსა და ინოვაციურ მიდგომებს. ახალი კანონი გამომდინარეობს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან, რომლის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან.


აღსანიშნავია, რომ საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი ახალი კანონი ახდენს მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტაციას და მხარს უჭერს მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას საჯარო შესყიდვის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად განსაზღვრულია, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები. ამასთან, საჯარო შესყიდვების მარეგულირებელი ახალი ჩარჩო კანონის თანახმად საჯარო შესყიდვის პროცედურებში მდგრადობის მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია, მათ შორის, ხარჯეფექტიანობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით.


მდგრადი საჯარო შესყიდვების მნიშვნელობა.


მდგრადი საჯარო შესყიდვა არის პროცესი, რომლის დროსაც შემსყიდველი ორგანიზაციები შესყიდვის ობიექტის - საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვას ახორციელებენ, ისე, რომ მიღწეულ იქნეს ხარჯთეფექტურობა მთლიანი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. ამდენად, მდგრადი საჯარო შესყიდვა მიზნად ისახავს ორგანიზაციის მიერ საჯარო შესყიდვის განხორციელებისას სათანადო ბალანსის მიღწევას მდგრადი განვითარების სამ საყრდენს – ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოსდაცვით ასპექტებს შორის. ამასთან, მდგრად საჯარო შესყიდვებს გააჩნია ხარჯების შემცირებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების პოტენციალი, რამდენადაც მისი განხორციელებისას გათვალისწინებულია სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მიდგომა, რაც უფრო მაღალი ხარისხის მქონე პროდუქტის შესყიდვის საშუალებაა.


მნიშვნელოვანია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომების დანერგვის შემდგომ გაიზრდება შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნა მდგრად, გარემოსადმი მეგობრულ და ენერგოეფექტურ პროდუქტებზე, ხოლო შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბიუჯეტის რაციონალური და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ხარჯვა გახდება მაგალითის მიმცემი ეკონომიკური ოპერატორებისთვის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მიზნების მიღწევისთვის.











მდგრადი საჯარო შესყიდვები, როგორც მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი.


„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განისაზღვრება საჯარო შესყიდვის განხორციელებისას მდგრადი განვითარების მიზნის მიღწევის ვალდებულება, რისი განხორციელების ეფექტურ მექანიზმს სწორედ მდგრადი საჯარო შესყიდვების წარმოადგენს. აღსანიშნავია, მდგრადი განვითარების მე-12 მიზანი — მდგრადი მოხმარებისა და წარმოების უზრუნველყოფა, რომელიც წარმოადგენს ენერგოეფექტურობის, მდგრადი ინფრასტრუქტურის, რესურსეფექტურობის, ღირსეულ სამუშაო ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს. ამასთან, მე-12 მიზნის მე-7 ამოცანა ითვალისწინებს მდგრადობაზე ორიენტირებული საჯარო შესყიდვების ხელშეწყობას, ეროვნული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესაბამისად.


ასევე აღსანიშნავია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციის ფარგლებში ყურადღება ექცევა მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ნაკლებად წარმოდგენილი სქესის, აგრეთვე, სხვა სოციალური და შრომითი უფლებების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მდგრადი საჯარო შესყიდვები პირდაპირ კავშირშია მდგრადი განვითარების მე-5 მიზანსა (გენდერული თანასწორობა) და მე-8 მიზანთან (ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა). ამდენად, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციისათვის საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების დანერგვა უმნიშვნელოვანესია.


მდგრადი საჯარო შესყიდვების სამართლებრივი ჩარჩო


მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დებულებები თავმოყრილია საქართველოს კონსტიტუციაში, ასოცირების შესახებ შეთანხმებაში, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონსა და მის შესაბამისად მომზადებულ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტში. მდგრადი საჯარო შესყიდვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება — ენერგოეფექტური შესყიდვების მიდგომა უკვე განმტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს N411 დადგენილებით (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ენერგოეფექტურობის განხორციელების წესები და სახელმძღვანელო პრინციპები, აგრეთვე ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით ეროვნული მონეტარული ზღვრები).


როგორ ხორციელდება მდგრადი საჯარო შესყიდვები?


მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელებისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის საქმიანობის სპეციფიკა, აგრეთვე, განსაზღვრულ იქნეს მისი პრიორიტეტები და მიზნები. მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, მიზანშეწონილია შემსყიდველმა ორგანიზაციამ გაითვალისწინოს საჯარო შესყიდვასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, შეაფასოს, ხომ არ არსებობს განსახორციელებელი შესყიდვის ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოს მის მიერ დასახული მიზნის შესრულებას.



„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შემსყიდველ ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ გააფორმონ საჯარო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები არამხოლოდ შესყიდვის ობიექტის ყველაზე დაბალი ფასის საფუძველზე, არამედ ეკონომიკური ეფექტიანობის გათვალისწინებითაც. ამასთან, ახალი კანონის თანახმად,


თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევებისა, გათვალისწინებულ უნდა იქნეს გარემოსდაცვითი, სოციალური ასპექტები, აგრეთვე, ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა) ინტერესები.


საგულისხმოა, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელების დეტალური წესი განსაზღვრული იქნება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით — საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კერძოდ, „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებული იქნება შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი მახასიათებლები. ამასთან, საჯარო შესყიდვის პროცედურაში ამ მახასიათებლების მითითების წესი და მეთოდოლოგია, მათ შორის, ხარჯეფექტიანობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობის, მდგრადობის ფართო დიაპაზონის, ტექნიკური შესაბამისობისა და სათანადო კონკურენციის გათვალისწინებით.


მდგრადი საჯარო შესყიდვები და სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი.

 

აღსანიშნავია, რომ მდგრადი საჯარო შესყიდვების განხორციელებისას საუკეთესო წინადადების გამოვლენის კრიტერიუმი შეიძლება დაეფუძნოს ეკონომიკურ ეფექტიანობას, რომელიც, თავის მხრივ, მოიაზრებს სასიცოცხლო ციკლის დანახარჯის მიდგომის გამოყენებას.


„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასიცოცხლო ციკლი განიმარტება როგორც ყველა თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული ეტაპი, რომელიც მოიცავს, მათ შორის, განსახორცილებელ კვლევას, წარმოებას, ვაჭრობასა და მის პირობებს, ტრანსპორტირებას, გამოყენებასა და შენარჩუნებას, პროდუქციის მთელი არსებობის პერიოდს ან სამუშაოს შესრულებასა და მომსახურების გაწევას, ნედლეულის შეძენიდან ან ხელთ არსებული რესურსის წარმოშობიდან, ნებართვის მიღებით, მომსახურებისა და გამოყენების ჩათვლით. მაგალითად, საკვები პროდუქტის შემთხვევაში სასიცოცხლო ციკლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს პროდუქტის დათესვა, მოყვანა, წარმოება, დისტრიბუცია და მომხმარებლამდე მიტანა.


ამრიგად, სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი მოიცავს საქონლის მიწოდებასთან, მომსახურების გაწევასთან ან სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში არსებულ ხარჯებს, ისევე როგორც გარემოზე მიყენებული ზიანის შედეგად წარმოშობილ ხარჯებს (თუკი შესაძლებელია მიყენებული ზიანის ფულადი ვალდებულების სახით განსაზღვრა). აღსანიშნავია, რომ თუ შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ღირებულების ხარჯს სასიცოცხლო ციკლის დანახარჯების მეთოდით გამოთვლის, მან შესყიდვის პირობებში უნდა მიუთითოს, თუ რა მონაცემების წარმოდგენა ევალებათ ეკონომიკურ ოპერატორებს, აგრეთვე, მითითება, თუ როგორი მეთოდით დადგინდება სასიცოცხლო ციკლის დანახარჯი.



38 views0 comments
bottom of page